ბლოგის მე–2 გვერდი




უცხო ჩიტი ჩიკოს მონოლოგი (ქეიფი, ანუ უხეირო მელოდრამა...)
სათავგადასავლო პროზა
2010.03.17
------------------------------------------------
 
          ეთერიმ თქვა, სტუმრები ხვალ მოვლენო. ესე იგი  "ხვალ" – არის  დღეს?..  დავფიქრდი.  გამოდის, რომ  "ხვალ" - საერთოდ არ არსებობს?!
          თავდაყირა რომ ვკიდივარ, თავში ბრძნული აზრები მომდის და  ახლაც ერთი  ებრაული სიბრძნე გამახსენდა.
          მოხუც  მოშეს   ფარდულში ასეთი აბრა ეკიდა: "დღეს  - ნაღდით,  ნისიად - ხვალ". "ნისიაზე" მისული,  გაჭირვებული მუშტარი ეკითხებოდა  მოხუცს - ხვალ რომ მოვიდე, ხომ  ნამდვილად გამატან  საქონელს  ნისიადო?  ეშმაკი მოხუცი ღიმილით პასუხობდა  "ხვალ-უეჭველადო!",  მაგრამ "ხვალ" მისული, ისევ "დღეს"-ს  აწყდებოდა და გაწბილებული ბრუნდებოდა სახლში ...
          რრრა ჭკვიანი ხარ,  ჩიკო,  რრრამ გაგახსენა ეს ამბავი?! გამიგია - იყო ღრმა ფილოსოფოსი, სახელად  სპინოზა - ბრძენზე ბრძენიო.  სპინოზა კი არა , ჩიკო არის ბრძენი, ჩიკო!  
          ვიცი, ვიცი,  თავმდაბლობისგან ნამდვილად არ მოვკვდები. შემიპყრობს  ხოლმე   MANIA GRANDIOZA – მანიაკალურ-დეპრესიული სინდრომი , განდიდების  მანიას რომ ეძახიან ჩვენში - ეს პარანოია - ბოდვამდე  მისული ფანტაზიებით!.. აი, გამიგია, რომ ცნობილი  მათემატიკოსი  ჯონ  ნეში, რომელიც  ამ მანიით იყო შეპყრობილი, არ დათანხმდა  ძალიან პრესტიჟულ აკადემიურ პოსტს იმიტომ,  რომ  "ანტარქტიდის იმპერატორად” უნდა ეკურთხებინათ!  ჩემგან რაღა  გასაკვირია   ამ პატარა თავში  ასეთი ფიქრები  რომ მომდიოდეს?!

          კარგი, ახლა ისევ ქეიფს უნდა მივუბრუნდე ... ვეღარ დავაყენე საშველი  რაა!  მეგონა "გულწასულ  იმამზე"  და  უმამაკაცო ქეიფზე მოგიყვებოდით,  მაგრამ  მოულოდნელად  სიტუაცია ისე განვითარდა, თავი მწვავე დეტექტივის  გმირად ვიგრძენი...
          ეთერი გუშინ ძალიან გვიან მოვიდა.  ეგრევე დაწვა,   ოთახში  შუქიც  არ აუნთია. ამ ქალს მართლა ფეხებზე  ვკიდივარ, ხომ  გამაფრთხილა, ჩემთან ოინები არ გაგივაო და მართლაც არ გამდის. ეტყობა  ჩემს თავს თვითონ უნდა მივხედო...
          ჯერ გალიას დავალაგებ.
          სკინტლიანი ქაღალდი დავაქუცმაცე და მზესუმზირასთან ერთად,  გალიიდან,  როლეტას  გაპრიალებულ მაგიდაზე  გადმოვყარე. მერე ჩემებურად ვიბანავე ჭიქაში  და ირგვლივ ყველაფერი   გავწუწე...  ბუმბულები  კარგად გავისწორე  სარკის წინ  და კმაყოფილი, ქანდარაზე ჩამოვჯექი.  მობრძანდეს  ახლა როლეტა და იძახოს "უი, დედდა  ჩემოო!"  ეგ ალქაჯი, ეგა!
          ჩემს საქციელზე ეთერი ძალიან გაბრაზდა და გულწრფელად ინანა ჩემი  აქ  წამოყვანა:  -  რომ მცოდნოდა  რა  ჩიტიც იყავი, არ წამოგიყვანდიო!.. ეს ისეთმა ნაწყენმა მითხრა, შემრცხვა  და კარგად მოქცევა გადავწყვიტე.
          როლეტა  მობრძანდა. თავის გაწკრიალებული  მაგიდა ამ დღეში   რომ  დაინახა, მთელი ჩემი საგვარეულო  წყევლით აიკლო,  თუთიყუშების მოდგმა  სამარეში  ჩადო,  მე ”ქოქოლა” მომაყარა  და  საქმეს შეუდგა.          
          გიგლამ,  მხარზე გადებული ნახევარი ცხვრით, მზარეული  ფარიდ-ოღლი  ჩამოიყვანა  და   მარნეულის ბაზრობაზე , ფარიდას ნარჩევ –ნაყიდი  სანოვაგე ამოზიდა  ორ  გზად!  ასეთს რას  აპირებს ეთერ-ქალი?!
          ჩემი გალია მაღალ მაგიდაზე გადადგეს. (გიგლა-შოფერმა   მომხედა,  მომეფერა,  ნისკარტი მომფხანა, ხელისგულზე  დაყრილი  ქერი  და პურის ნამცეცები  შემომთავაზა. მე,   როგორც კარგად აღზრდილმა თუთიყუშმა, შემოთავაზებაზე უარი  ვერ ვუთხარი და სიამოვნებით მივირთვი).  ამ ადგილიდან ყველაფერი უკეთესად  ჩანდა.  
          მოვიდა თუ არა, ფარიდამ  სამზარეულოში  გრიგალი  დაატრიალა,  ეგრევე   დანები  ალეს -ააწკრიალა,  საკეპ  ფიცარზე  ააკაკუნ -ააწკაპუნა,  ტაფები  ააშიშხინა,  ქვაბები  აათუხთუხა ... სუნები  დაატრიალა... ეთერის “ხანუმს” ეძახდა და  წარამარა სთხოვდა  -  "Попробуй  Ханум–джан,  вкусно даа?!"    ხან  ჩამჩით,  ხან ჩანგლით  დასდევდა,  აბა ამას  გემო გაუსინჯეო, არ ეშვებოდა... ოქროს კბილებს კრეჭდა, მერე კმაყოფილი, მარტო თვითონ რომ იცოდა, იმას  ღიღინებდა  თავისთვის.
          როლეტა, შელახული თავმოყვარეობის გამო, ფარიდას რომ დაუთმო ეთერიმ სამზარეულო, ნაწყენ-ცხვირაბზუებული,  ჩუმად ილანძღებოდა:
          –ფუი,  რაფერ ააყროლა ამ  ურჯულომ  ცხვრის ხორცით  აქაურობა?!  რაფერ ჭამენ ამგენი ამ შავი კაცის მომზადებულს, მე რავა დავაკარებდი  პირს ამის ხელმონაკიდებს?!  ბანჯგვლიან ხელებზე  იდაყვებამდე  ჩამოუდის  ქონი  ამ უპატრონოს...  ისთე, ფართუკი ქე აცვია სუფთა... ეთერიმ დაახვედრა ვითოომ? აპა თვითონ არ იყო აქანე მაგის ჩამომტანი ... ყასაბია ნამდვილი, უნდა ნახო დანას რაფერ ხმარობს,  კაცი ეყოლება  მოკლული მაგას   უეჭველად!"
- თან სარკესთან  თავის თხელ ტუჩებს პრუწავდა და ცდილობდა რამენაირად ამ ვიწრო ზოლზე  , ეთერის  წითელი  პომადა წაესვა. მერე თავისი "თხის ძუძუები” გაისწორა,  ეთერის  ნაჩუქარ  სამი ზომით დიდი კოფთის  ქვეშ.  (უძახე შენ "თხის ძუძუები"! თხა ამალთეამ არ გამოკვება  ოლიმპოს  მთავარი ღმერთი  - ზევსი?!)...  
          გიგლამ და როლეტამ,  ოთახის შუაგულში  რომ იდგა,  ის უზარმაზარი  ძველებური მაგიდა  გაშალეს. როლეტამ  ქათქათა, გახამებული სუფრა გამოიღო და მაგიდას გადააფარა.  
          -ძვირფასი  სერვიზი  რომ  მაქვს, ოქროს  ჩუქურთმებით,  გერმანიიდან ჩამოტანილი, ის გამოიღე  და ვენეციური შუშის ბოკალები მიუდგი, არ დაინანო!  მაგ სერვიზს უხდება.  მიყვარს ძალიან, კარლოვი-ვარში მაქვს ნაყიდი, გამოფენაზე.   ხო, ვერცხლის  დანა-ჩანგალი  დააწყე, ჯერ გააპრიალე, ქაღალდის  ხელსახოცები არ დამანახო!  აბა ნახე,  ქალო, უხდება ეგ სალფეტკები? გაიტანე ახლავე !  თუ  ქეიფია - ქეიფი  უნდა იყოს. ყველაფერს თავისი ყამი და ყადრი უნდა ჰქონდეს!.. იძლეოდა  ბრძანებებს  ატლასის წითელ ხალათში გამოწყობილი ეთერი-ხანუმ.  
          გამოგიტყდებით, მართლაც რომ  შესანიშნავი  სუფრა იშლებოდა,  ყველა  ეტიკეტის დაცვით.("ზამთრის სასახლეში" ნაცხოვრებს,  მგონი გამეგება რამე!)
          ფარიდ-ოღლი  სამზარეულოში  ჯადოქრობდა,  იქედან  როლეტას ლანგრებითა და თეფშებით  ხელოვნების  ნიმუშები  გამოჰქონდა, ალყა-ალყა დაჭრილი ხახვ-პომიდორ-წიწაკით, ბროწეულის  ძოწებითა და კოწახურის ლალებით  მორთულ-მოკაზმული  უცხო  საჭმელები,  დახვეულ–დაგრეხილი,  ლავაშებში  გახვეული, ნიახურის ჯანსაღი,  იასამნისფერი ყლორტებით შეკრული  ლულა–ქებაბი,  თვითონ ფარიდი  ამ ქებაბს  რატომღაც "შაურმას" რომ ეძახის...
          თუ  ლეგენდას დავუჯერებთ,  მუსულმანებისათვის საყვარელი ქებაბის ცხაური   ბარსაში მცხოვრებ, თურქმა   ისკანდერმა  გამოიგონა.  გამიგია, რომ  ლაშქრობის დროს,  თურქი მეომრები,  ხორცის  ნაჭრებს  ხმლის წვერზე წამოცმულს წვავდნენ კოცონზე.  ცხიმი  ცეცხლში იღვრებოდა,  ხორცი  იფიტებოდა  და იხრუკებოდა. ხორცი რომ არ დამწვარიყო,   ისკანდერმა  ვერტიკალური ცხაური გამოიგონა - ახლა ცხიმი ზემოდან ეწურებოდა ხორცს, ხორცი  რბილი და ნაზი რჩებოდა , მეომრები  უფრო კარგად ნაყრდებოდნენ ...  იცის ნეტავი ფარიდმა ისკანდერის გამოგონების  შესახებ?! აი  ეთერიმ რომ იცოდეს იქაური  წესები,  დანა-ჩანგალი  საერთოდაც  არ დასჭირდებოდა,  რადგან  თურქებიც  და არაბებიც საჭმელს  ძირითადად ხელით  ჭამენ.  საჭმელს პურის ნატეხით იღებენ.  პურს დიდ პატივს ცემენ,  "აიშს" ეძახიან,  "აიშ" – სიცოცხლეს  ნიშნავს. პური და სიცოცხლე  ერთი სიტყვაა!
          ჩვეულებრივი თურქის დილა, ცხვრის ყველის ნატეხით, პურითა და რამდენიმე მარცვალი ზეთისხილით იწყება ...  აბა ზეთისხილი თუ გაახსენდება   ეთერის?  ექნება სუფრაზე?
         "გულწასული იმამი" - ასე  ჰქვია ფარშირებულ ბადრიჯანს, რომელიც ახლა თვითონ ფარიდ-ოღლიმ  შემოიტანა ამაყად და მაგიდის შუაგულში  ჩადგა, მაგრამ არა მგონია იცოდეს  ამ კერძის სახელი. ასე ვიცი, ერთმა სახელოვანმა იმამმა,  ბადრიჯანი რომ გასინჯა, ისე მოეწონა სიამოვნებისაგან გული  წაუვიდა...  კერძს ამის შემდეგ შერჩა ეს სახელი.
          "იმამ ბაიალდი"! – გამოაცხადა  ღიმილით ფარიდმა, ოქროს კბილები ააბრჭყვიალა მზესავით  და ზუსტად  ის ისტორია მოუყვა ეთერის,  რაც მე მოგიყევით ახლა.
          -"ეთერი-ხანუმ, ცხელი კერძი პატომ პრინესუ, უჟე პოსტავილ  დუხოვკაში  ჩანახ"...
          აა, სცოდნია ეთერას, სცოდნია... სალათის ფოთლებზე  ჩაწიკწიკებული,  მწვანე და შავი ზეთისხილი შემოიტანა ხანუმმა  და უკვე გადავსებულ მაგიდაზე, თავისი ფუმფულა ხელით ოსტატურად  ჩადგა  თეფშებს შორის.  გადახედა სუფრას და მერე კედლის საათს შეხედა:
          -ახლა  წავალ  ჩავიცვამ.  გოგოები    იგვიანებენ? - თქვა ეთერიმ და ამ დროს  ზარი გაისმა…
          კარი  ეთერიმ  გააღო და გაოგნებული  მიაშტერდა კარებთან მდგარ ვიტალას.
          ბიჭო, შენა  ხარ? საიდან სადაო? გამოგიშვეს? როდის? ჯერ ხომ "სროკი" არ დაგმთავრებია, როგორ გამოხვედი? შემოდი, რას დგახარ უცხოსავით ?.. სტუმრებს ველოდები და... როდის გამოგიშვეს ?.. ანამ იცის?.. ნიკუშა ნახე?.. – აყრიდა კითხვებს გაკვირვებული ეთერი.
          - შეწყალებით  გამოვედი,  ორი  კვირაა!  ფული მჭირდება ეთერი, ფული! ბევრი... თორემ აქ არ მოვიდოდი! უნდა მიშველო!
          ეთერის ფერი ეცვალა...  - აბა სხვა რისთვის მოხვიდოდი?! არ იცი, რომ ფული აღარ მაქვს? ისიც იცი, რომც მქონდეს, მაინც  არ მოგცემ!  მკითხე აბა, რა  ჯდება ერთი  შპრიცი წამალი?! – ადამიანების სიცოცხლე! ფული რა სახსენებელია იმასთან, რა ტანჯვაც გადაატანინე დედაშენს და ბოლოს მოკალი, შენმა დარდმა არ მოკლა?... ანას,  ნიკუშას რას ეტყი?!  რას დაემგვანე, შე უბედურო, ეგეთი  იყავი?! ვერ შეიფერე ვერაფერი, ვერა! ახლაც დასაჭერად გაქვს ალბათ საქმე და იმიტომ მოხვედი. დაიმახსოვრე, ფული  არა მაქვს!  წადი  აქედან, წადიიიი! თავი დაგვანებე, სულ წადი ჩვენი ცხოვრებიდან! შენ მომავალი  არ გაქვს, შენსას არ მოეშვები!
          ვიტალა გაფითრდა და პერანგის ქვეშიდან იარაღი გამოიღო, ეთერის დაუმიზნა .
          - არ ვხუმრობ, ფული მოიტა, ეთერი! ხუთი ათასი მჭირდება. თუ დღესვე  თავანს არ ჩავიტან,  მომკლავენ! - ცოტა ხანს ჩაფიქრდა ვიტალა, მერე დინჯად შეხედა სიდედრს თვალებში  და ჩუმად უთხრა - ან  შენ მოკვდები  ახლავე!
          ოხ! სტუმრები რატომ იგვიანებენ?! თუ მალე მოვლენ კარგი იქნება, შეეშინდება ვიტალას, მშიშარაა ეს ნაძირალა, ვიცი! გამახსენდა როგორ შევაშინე მაშინ, გახსოვთ, ბუმბულები რომ გავიპუტე?
          უცებ მივხვდი რომ ეთერი  მართლა არ იყო ფულის მიმცემი! ფერი კი ჰქონდა დაკარგული, მაგრამ, ვიცი, ვიტალასი არ ეშინოდა.
          -მესროლე ლაჩარო, რას უცდი? გამიუბედურე შვილი, მთელი ცხოვრება დამინგრიე! ასეთი ცხოვრება აღარც მინდა, მესროლე  ნაბიჭვარო და მერე დალპი ციხეში.
           ხმაურზე, სამზარეულოდან ფარიდმა გამოიხედა და ადგილზე გაიყინა. როლეტას კბილებს წკაპუნი  გაუდიოდა.  ფარიდი რომ დაინახა, როლეტა გაქანდა და თვალდახუჭული  მაგრად ჩაეხუტა.
           ფული! - იღრიალა ვიტალამ. - ეთერი არ განძრეულა, მშვიდად უყურებდა იარაღის ლულას.
           -ჩიკო მაგარრრია! პაჟარრრრ, კატასტრრროფა! – ავყვირდი სასოწარკვეთილი.
           -ამ თესლს აქ რა უნდა? - იკითხა ვიტალამ უმისამართოდ და იარაღი ჩემსკენ მოაბრუნა. რაღაც ჭახანი გაისმა, ვერ მივხვდი,  რომ ვიტალამ გაისროლა. ჩემი სარკის ნატეხი ფრთის ძირში შემერჭო... ცხელი სისხლი  მძივებად ეცემოდა  მაგიდას და პრიალა ზედაპირში ირეკლებოდა...
           კიდევ ერთი გასროლის ხმამ გამომაფხიზლა... ეთერი  ისევ მაგიდასთან იდგა...
           "IMAM BAYALDI"-ს  ნაფლეთები მთელ სუფრაზე იყო მიმოფანტულ-გაგლესილი...
           თავდახრილი  ვიტალა კარისკენ მიდიოდა...
           ღია კართან  "კლეოპატრას კუნძულზე" გარუჯული, ეთერის დაქალები იდგნენ და ინტერესით ...